კულტურის ცენტრი
არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

 .   კულტურის ცენტრის შენობამ არსებობის რვა ათეული წელი მიითვალა. აქ „ფეხი აუდგამს“ მედეა ჩახავას, მის კედლებს ახსოვთ ვასო გოძიაშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, ნოკო ხურციას „ჰარირა“ ... 2012 წლის 25 ივლისიდან ტრადიციებით დატვირთული აღდგენილი, განახლებული, დამშვენებული მასპინძლობს საზოგადოებას.

   აბაშა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან 30-იან წლებში სამეგრელოს ქალაქებსა და დაბა - სოფლებში კონცერტებს მართავდა სუჯუნის, აბაშის მომღერალთა გუნდები ცნობილი ლოტბარის ლომინ გუგუშვილის ხელმძღვანელობით. 1925-1937 წლები აბაშის რაიონის მომღერალთა გუნდისათვის ძალზედ წარმატებულიიყო. „ადილა“, „ოყონური“ (ნადური), „მეურმეთა სიმღერა“, „მგზავრული“, „კუჩხი ბედინერი“, „ოდოია“, – „გუგუშვილის ანსამბლისგან ჩაწერილ სიმღერებში იგრძნობა ძველი ხალხური ჰანგების სიჭარბე, სინატიფე და შეულამაზებელი კილო“, – წერდა კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე   გრიგოლ კოკალაძე. 

   აბაშის გუნდთან მუშაობისას (1939-1941 წლებში) მრავალი სიმღერა შექმნა ლეგენდარულმა ნოკო ხურციამ. 1940  წელს აბაშის გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვში, მათგან 2 სპეციალურად საფრანგეთის რადიოსათვის იყო განკუთვნილი. ჩაიწერა 8 სიმღერა საკავშირო რადიოში.

   1959 წელს ვახტანგ მიმინოშვილმა აბაშაში ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი და ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „შვიდკაცა“.

   1973 წელს აბაშის სარაიონო კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს ლეგენდარული ნოკო ხურციას პატივსაცემად ეწოდა „ჰარირა“. მეგრულ ფოლკლორზე აგებული „მეგრული ქორწილი“, „ჯარალუა ჰარირათი“ მრავალი წლების მანძილზე აბაშელთა სავიზიტო ბარათი იყო. ხალხური შემოქმედების მრავალი  დათვალიერების, კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული ანსამბლი „ჰარირა“ საგასტროლოდ იმყოფებოდა: 1974 წელს კუბის სახალხო რესპუბლიკაში, 1978 წელს და 1982 წელს – ჩეხეთში (მაშინდელი ჩეხოსლოვაკია), 1980 წელს-პოლონეთში, 1986 - 1989 წლებში-ესტონეთში. ანსამბლი მიწვევებით კონცერტებს მართავდა ევროპის დიდი ქალაქების სახელგანთქმულ სცენებზე.

   1997 წელს ძირძველი მეგრული სიმღერების აღორძინებისა და ხალხური შემოქმედების ოლიმპიადის სამეგრელოს მხარის ტურზე ლამაზად შესრულებისათვის „ჰარირას“ უხუცეს სოლისტებს: აბესალომ ჩოჩიას, მირიან ცომაიას და შუქურ ჩიქოვანს საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმდების სამეცნიერო - მეთოდურმა ცენტრმა მადლობის ფურცელი გამოუგზავნა.

   1966 წლიდან აქ ფუნქციონირებდა ცნობილი სატირისა და იუმორის კოლექტივი „მრავალჟამიერი“.

   გასული საუკუნის 30-იან 40-იან წლებში აბაშაში თეატრი ფუნქციონირებდა, სადაც მრავალმა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა აიდგა ფეხი. 1995 წელს თეატრალურმა კოლექტივმა სახალხო თეატრის წოდებით ფუნქციონირება განაახლა.

   ამჟამად კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „ჰარირა“, ფოლკლორული ჯგუფი „თოლიგე“, სიმღერისა და საკრავების ანსამბლი „ჯარგვალი“, ბავშვთა ქორეოგრაფიულია ნსამბლები: „ქილორი“, „სამეგრელო“, „ანანური“, „ერთობა“ (სუჯუნის კულტურის სახლში), ვოკალური ჯგუფები, მათ შორის  სეფიეთის კულტურის სახლის საბავშვო სტუდია, ნაცნობი, საყვარელი ინდივიდუალური შემსრულებლები, მათთან ახალბედა, ნიჭიერი სახეები  მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ყველა ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტის გარეთ გამართულ კონცერტებში, ფესტივალ-კონკურსებში ჩვენთან  არსებული კულტურული ცხოვრების ღირსეულად, საუკეთესოდ წარმომჩენი დიდი შემოქმედებითი ძალაა.

   კულტურის ცენტრის სრული სახელწოდებაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მასში გაერთიანებული სტრუქტურული ერთეულებია: თვით კულტურის ცენტრი (ქალაქის ცენტრში), სასოფლო-საკლუბო განყოფილებები – მარნის, ქოლობნის, ტყვირის, სეფიეთის, ონტოფოს, კეთილარის, სუჯუნის სასოფლო კულტურის სახლები, კლუბები და მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.

დირექტორი: რევაზ მიქაძე
მისამართი: უჩა კაჭარავას ქუჩა №6
ტელეფონი: 555230083;   0(412) 29 1351

აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ბანერები