ახალი ამბები
ღამე მუზეუმში
ღამე მუზეუმში

აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კოორდინაციით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქციას „ღამე მუზეუმში“.
სოფელ ძველ აბაშაში, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში შეიკრიბნენ სტუმრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ლიტერატურის, ისტორიის მოყვარულები, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების თაყვანისმცემლები.
„საუკეთესო გიდის“ კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლემ, მარიამ ფრანგიშვილმა გაუწია გიდობა სტუმრებს. 
აქციის ფარგლებში გაიმართა თემატური კონფერენცია: „კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის მებაირახტრე“. მოხსენება წარმოადგინა ძვ. აბაშის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარიამ პერტენავამ. შეკრებილებს მუზეუმების დღე მიულოცეს და აღნიშნული თემის შესახებ ისაუბრეს: მერის მოადგილემ კონსტანტინე ხარძიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა, მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა დინარა გვაზავამ. 
ღონისძიებამ მდინარე ზანის პირას გადაინაცვლა, სადაც კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა, სამუსიკო განყოფილების სიმღერისა და ფორტეპიანოს სპეციალობის მოსწავლეებმა, ლამაზი კონცერტი მოუწყვეს სტუმრებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბუნების წიაღში გაბნეული დიდ კლასიკოსთა ჰანგები. 
ზანათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ერთიანი საქართველოს დიადი მხედრები“, რამაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. ანსამბლ „ბერეხას“ წევრებმა კიდევ ერთხელ მოხიბლეს მსმენელი. 
საღამოს ბინდში ჩაძირულ ეზოში ისმოდა ანსამბლ „ჰარირას“, ქალთა და ვაჟთა მომღერალთა გუნდის წევრების მიერ აჟღერებული ქართული ჰანგები, კითხულობდნენ ლექსებს პატარა დეკლამატორები: ნატალი ქვილითაია და მარიამ თოფურია. 
მოგვიანებით, მდინარე ზანის პირას მოწყობილ საზაფხულო კინოთეატრში, ნაჩვენები იქნა კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიება გვიან ღამემდე გაგრძელდა, ეს საღამო დიდხანს ემახსოვრებათ მონაწილეებსა და მუზეუმის სტუმრებს.

21-05-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები