ახალი ამბები
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღინიშნა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში.
კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, ამბიონიდან მიმართა საზოგადოებას, ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე. კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე, ფერადი ცარცებით სიმბოლურად მზე, საქართველოს დროშა და რუკა დახატეს.
სოფლის სტადიონზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა საზეიმო კონცერტი. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა შეკრებილებს: დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ, საკრებულოს წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ბაქარ შელიამ, კეთილარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ლელა სამხარაძემ. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ჰარირა“, ვაჟთა და ქალთა მომღერალთა ჯგუფები, ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“. 
ლექსები წაიკითხეს პატარა დეკლამატორებმა ნატალი ქვილითაიამ და მარიამ თოფურიამ, კეთილარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მავრა სურმავამ. ღონისძიება მიყავდა კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 
დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, სოფლის სახელით, ჭედური ნაკეთობა (ავტორი ზენერი ჩაგანავა) თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის გამოსახულებით, უსახსოვრა ლევან მაკალათიას. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივები, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

26-05-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები